გადაუდებელი ნევროლოგიური კლინიკა
LOGO
(0322)77-02-92
[javascript protected email address]










our doctors
21.10.2015
ჩვენი კლინიკა ნოტინგემის უნივერსიტეტის პერიოდულ გამოცემაში...
22.07.2014
საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევები, რომლებშიც მონაწილეობს შპს "გადაუდებელი ნევროლოგიის...

 ანგიოგრაფია სპეციალური რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით სისხლძარღვების რენტგენოლოგიური კვლევაა. ჩვეულებრივ რენტგენოგრამაზე არტერიები, ვენები და ლიმფური სადინარები არ ჩანს, რადგან ისინი ისევე შთანთქავენ რენტგენულ გამოსხივებას, როგორც მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილები. მხოლოდ მოხუცებული პაციენტების რენტგენოგრამაზე შეიძლება ამ დანალექებიანი სისხლძარღვების ხილვა, რადგან მათი სისხლძარღვები ათეროსკლეროზით არის დაზიანებული, სისხლძარღვთა კედლებზე ათეროსკლეროზული დანალექებია. სისხლძარღვთა დასანახად ანგიოგრაფიის მეთოდები გამოიყენება. არტერიების გამოკვლევას არტერიოგრაფიას უწოდებენ, ვენებისას - ვენოგრაფიას (ფლებოგრაფიას), ლიმფური სისხლძარღვებისას - ლიმფოგრაფიას. სისხლძარღვთა ხელოვნური კონტრასტირებისთვის მათში იოდის ორგანული შენაერთები შეჰყავთ. ანგიოგრაფიას ატარებენ საერთო კლინიკური გამოკვლევის შემდეგ, თუ კვლევის სხვა მეთოდები ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა. ეს კვლევა ავლენს: სისხლძარღვთა დაზიანებას და მათი განვითარების მანკებს (ანევრიზმა, სისხლძარღვთა შევიწროება, სიმსივნური წარმონაქმნები), სისხლძარღვთა გამავლობის დარღვევას, სიმსივნეებს, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებასა და განვითარების მანკებს და სხვა. ანგიოგრაფია უკუნაჩვენებია:

         

  • მწვავე ანთებითი და ინფექციური დაავადებების;
  • ავადმყოფის მძიმე მდგომარეობის;
  • ფსიქიკური დაავადებების;
  • გულის, ღვიძლისა და თირკმელების გამოხატული უკმარისობის;
  • იოდის პრეპარატებზე ალერგიის დროს.

გამოკვლევის წინ ექიმმა პროცედურაზე პაციენტის თანხმობა უნდა მიიღოს. გამოკვლევის წინა საღამოს ინიშნება ტრანკვილიზატორები. დილით არ საუზმობენ. გამოკვლევის მიდამოში უნდა მოიპარსოს თმა. გამოკვლევამდე 30 წუთით ადრე ტარდება პრემედიკაცია: პაციენტს უკეთებენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (ალერგიული რეაქციების პროფილაქტიკა), ტრანკვილიზატორებსა და ანალგეტიკებს. გამოკვლევა იწყება სისხლძარღვის პუნქციით (ჩხვლეტით) ან მისი კათეტერიზაციით (სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური კათეტერი, რომლის საშუალებითაც შეიყვანება საკონტრასტო ნივთიერება). უფრო ხშირად ბარძაყის არტერიის კათეტერიზაცია ტარდება. ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ კანზე აკეთებენ მცირე, ნახევარ სანტიმეტრამდე ზომის განაკვეთს, პოულობენ არტერიას, ჩხვლეტენ მას სპეციალური ნემსით, რომელშიც ატარებენ ლითონის გამტარს, შემდეგ გამტარი საჭირო დონემდე მიაქვთ და საჭირო წერტილში შეჰყავთ საკონტრასტო კათეტერი. გამტარს ამოიღებენ.


ყველა ეს მოქმედება რენტგენოტელევიზიით კონტროლდება. კათეტერიდან შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება და მაშინვე იწყებენ მიცემული პროგრამის მიხედვით მაღალსიჩქარიან რენტგენოგადაღებას. გადაღებულ მასალას ნახულობენ და საჭიროების შემთხვევაში დამატებით სურათებსაც იღებენ. პროცედურის დამთავრების შემდეგ კათეტერს ამოიღებენ და პუნქციის ადგილას ერთი დღე-ღამით ადებენ ნახვევს. ავადმყოფს წოლითი რეჟიმი ენიშნება. მისი მდგომარეობა აუცილებლად უნდა აკონტროლოს მკურნალმა ექიმმა, გაუსინჯოს ტემპერატურა და ოპერაციული ჩარევის ადგილი. გართულება შეიძლება იყოს ნაჩხვლეტი მიდამოს ჰემატომა (სისხლჩაქცევა), ძალიან იშვიათად - პერიფერიული არტერიის თრომბოემბოლია. ანგიოგრაფიის დროს გადაღებების თანამიმდევრული სერია ტარდება, რომლებიც საშუალებას იძლევა, მსხვილ არტერიებში, შედარებით წვრილებში, კაპილარებში და შემდეგ ვენებში სისხლის მიმოქცევის პროცესის შესახებ ვიმსჯელოთ. ვენოგრაფიას ატარებენ სპეციალური ჩვენებით:

  • ქრონიკული თრომბოფლებიტის;
  • თრომბოემბოლიის;
  • ვენების განვითარების ანომალიებზე ეჭვის;
  • ვენური სისხლდენის სხვადასხვა დარღვევის დროს.

ვენოგრაფია ტარდება პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით. პირველ შემთხვევაში საკონტრასტო ნივთიერება პირდაპირ ვენაში შეჰყავთ პუნქციის ან კათეტერიზაციის გზით, ხოლო არაპირდაპირი ვენოგრაფია სამი მეთოდით შეიძლება ჩატარდეს: 1) საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით არტერიაში, საიდანაც ის ხვდება ვენებში; 2) საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით ორგანოს ქსოვილში და 3) კონტრასტის შეყვანით ძვლის ტვინის მიდამოში.

  • ვენოგრაფიის უკუჩვენებაა თრომბოფლებიტი.
  • ლიმფოგრაფიისას საკონტრასტო ნივთიერება შეჰყავთ ლიმფურ სადინარში. ძირითადად ხდება მენჯისა და ქვედა კიდურების ლიმფური სადინარების გამოკვლევა ლიმფოკვანძების კონტრასტირებისა და სიმსივნეების აღმოჩენის მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის განვითარების გამო ამ მეთოდს დღეს იშვიათად იყენებენ.          

ტექნიკის განვითარებასთან ერთად ასპარეზზე გამოვიდა კვლევის ახალი მეთოდები. სისხლძარღვთა გამოკვლევის ახალი მეთოდიკა - დიგიტალური სუბტრაქციული ანგიოგრაფიაა. მას სხვაგვარად ციფრულ სუბტრაქციულ ანგიოგრაფიასაც (დსა)  უწოდებენ. ეს გახლავთ სისხლძარღვების კონტრასტული გამოკვლევა მიღებული ინფორმაციის შემდგომი კომპიუტერული დამუშავებით. ის საშუალებას იძლევა, მივიღოთ მაღალი ხარისხის სურათები, შემცირდეს შეყვანილი საკონტრასტო ნივთიერების რაოდენობა და ეს ნივთიერება შეყვანილ იქნეს არა არტერიიდან, არამედ ვენიდან, რაც პაციენტისთვის ნაკლებტრავმულია.

3დ: ციფრული ანგიოგრაფიის 3დ-დამუშავების მეთოდი ანგიოგრაფიდან მიღებული გამოსახულების სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა.

ფერადი ანგიოგრაფია: ციფრული ანგიოგრაფიის ცოლორ-დსა დამუშავების მეთოდი ფერადი კოდირების მეშვეობით  საშუალებას იძლევა, ერთ გამოსახულებაში ერთდროულად განთავსდეს არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევისა და პერფუზიის (ბუნებრივ პირობებში ორგანოების სისხლით მომარაგების) სურათები. ამ მეთოდის უპირატესობა ის გახლავთ, რომ სწრაფად ხდება ჰემოდინამიკის შეფასება მკურნალობამდე და მის შემდეგ.

კტ-ანგიოგრაფია: კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფიის მეშვეობით მიიღება სისხლძარღვების ზედმიწევნით ზუსტი სურათი და შესაძლებელია სისხლის მიმოქცევის ხარისხის შეფასება. ჩვეულებრივ ანგიოგრაფიასთან შედარებით მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ გამოირიცხება ქირურგიული მანიპულაციის შემდეგ გართულების რისკი და გაცილებით დაბალია პაციენტის სხივური დატვირთვა.A

კტ-ანგიოგრაფიის ჩვენებებია:

  • სისხლძარღვის სტენოზი ან თრომბოზი (მათ შორის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია);
  • ანევრიზმები;
  • სისხლძარღვთა სხვა დაავადებები და განვითარების ანომალიები.

დაბოლოს, მრ-ანგიოგრაფია, ანუ მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც მიიღება სისხლძარღვთა ისეთი სურათები, რომლებიც საშუალებას იძლევა შეფასდეს სისხლის მიმოქცევის როგორც ანატომიური, ასევე ფუნქციური თვისებები. მას რამდენიმე ვარიანტი გააჩნია, რომლებიც, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებისა, მოწოდებულია ანევრიზმის აშრევების, გულის თანდაყოლილი მანკების, სისხლძარღვთა კედლის ანთებისა და არტერიების ათეროსკლეროზული ცვლილებების გამოსავლენად.

 ჯანმრთელობას გისურვებთ!

 


Copyright ©2014 saitis saxelii, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE